18 ნოე 2026
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
პარლამენტის ინფორმაციით, სამიტის მესამე სესიის ფარგლებში, გელა სამხარაულმა საქართველოს დელეგაციის სახელით, ქვეყნის გამოცდილება, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმა წარადგინა.
ყურადღება დაეთმო 2023 წელს მიღებულ კანონს, რომელმაც უსაფრთხო სურსათის დონაციის, სურსათის ბანკების ფუნქციონირებისა და შესაბამისი საგადასახადო წამახალისებელი მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლები შექმნა.
შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალური საპარლამენტო სამიტი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, კენიის პარლამენტისა და ესპანეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.