18 ნოე 2026
ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს 4 არასრულწლოვანი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან და ერთ-ერთი კვების ობიექტიდან არასრულწლოვნებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილებიდან მიიმალნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, რომლებიც აღნიშნულ ობიექტებში იყო განთავსებული, ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
ჯამში 20 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო და კვების ობიექტებს არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ოთხივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.