18 ნოე 2026
პოლიციელისთვის ან სხვა პირისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მიუღებელია. ბუნებრივია, ამან შეიძლება ადამიანის სხეულის დაზიანება გამოიწვიოს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„ამავე დროს, მიუღებელია, მაგალითად, როდესაც წაქცეულ ადამიანს წიხლს ურტყამ სახეში, ასისხლიანებ ადამიანებს, მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ საზოგადოებრივ აქტივისტს პოლიციელები ჩაიგდებენ ხელში და სადღაც ათი ადამიანი ურტყამს. ისევ და ისევ ვამბობ, რომ ვემიჯნები „მოლოტოვის კოქტეილს“, – აღნიშნა ჩიტაძემ.
გადაცემის წამყვანმა სტუმარს შეახსენა, რომ საუბარია იმაზე, თუ რატომ უცხადებდნენ სოლიდარობას ლაზარე გრიგორიადისს, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა, იმ ფონზე, როდესაც პოლიციელების მხრიდან ძალადობას გმობენ. წამყვანმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ ნახა ევროპელების მხრიდან დაფინანსებული კამპანია – „მე ვესროლე“. ამასთან დაკავშირებით ჩიტაძემ განაცხადა, რომ კარგად იცის, ვინ ვის აფინანსებს დღეს.
„მაგალითად, ფონდი „ქართუ“ აფინანსებს ე.წ. ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რათა მათ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ისაუბრონ. ეს პროპაგანდის ნაწილია. მეორე, ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერს მილიონობით დოლარი ამოუღეს; ვიცით, რომ მოხუცების სასადილოს ფულს იპარავდნენ, საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილ თანხებს ითვისებდნენ და დღეს კიდევ 41 მილიონი ლარის მითვისების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ვინ ითვისებს და ვინ ვის აფინანსებს?!“ – განაცხადა ჩიტაძემ.
შეკითხვაზე, რატომ შეფასდა საფრანგეთში პოლიციელისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა მკვლელობის მცდელობად, ხოლო საქართველოში ანალოგიური ფაქტი ევროკავშირის ლიდერების მხრიდან დემოკრატიის გამოხატულებად, ჩიტაძემ განაცხადა, რომ ეს მიუღებელია, საფრანგეთში მოხდება თუ საქართველოში.
„მშვიდობიანი დემონსტრაცია მისაღებია. მაგალითად, რომ დავსვათ კითხვა, ადამიანის მკვლელობა კარგია თუ ცუდი, თქვენ იტყვით, რომ ცუდია, მაგრამ მე გეტყვით: გააჩნია, რა შემთხვევაში, ცნობილი ფილმის არ იყოს. მაგალითად, უკრაინელი ჯარისკაცის მიერ რუსი ოკუპანტის მოკვლა მისაღებია. ასევე მისაღებია ქართველი შინდისის გმირის მიერ რუსი ოკუპანტის მოკვლა“, – აღნიშნა ჩიტაძემ.