ევროკომისიის შეფასებით, 2027 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება

17 ნოე 2026

ევროკომისიამ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი (Autumn 2026 Economic Forecast) გამოაქვეყნა.

განახლებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის 7.3%-მდე გაიზარდა.

ამასთან, ევროკომისიის შეფასებით, მომდევნო წლებში საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რასაც კერძო სექტორის მდგრადობასთან ერთად, გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლებაც შეუწყობს ხელს.

ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქონლის ექსპორტი (განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ხარჯზე). იმპორტის შედარებით ნელი ზრდის ფონზე, წმინდა ექსპორტმა ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საპროგნოზო პერიოდში მშპ-ის 3%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია სავარაუდოდ 5.4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო, ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.