ბექა ძამაშვილი: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო

17 ნოე 2026

BridgeGap-ის კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის რეიტინგებს, რომელიც ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა გამოაქვეყნა.

როგორც თემის კომენტირებისას ძამაშვილმა აღნიშნა, BridgeGap-ის კვლევა ადასტურებს სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობას.

„აღნიშნული კვლევა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორია და ყველა სხვა მსგავსი ანგარიშის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით. ყველა ეს მაჩვენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად არის უტყუარი მტკიცებულება სწორედ სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის მიმართულებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.