საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ბრიუსელის გადაწყვეტილებას „ქართულ ოცნებაში“ აფასებენ

17 ნოე 2026

ევროკავშირის ბიუროკრატია ცდილობს, არ დაინახოს სიმართლე, ეს არის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი მაგალითი - ასე აფასებენ „ქართულ ოცნებაში“ ბრიუსელის გადაწყვეტილებას დაკავშირებადობის პოლიტიკასა და შუა დერეფნის პროექტზე სასაუბროდ საქართველოს მაღალი წარმომადგენლობით არ მიწვევასთან დაკავშირებით.

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას ავიწყდება საქართველოს საკვანძო მნიშვნელობა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია დიალოგის მზაობასთან დაკავშირებით და ქვეყანა საერთაშორისო ფორმატებში თანასწორ პარტნიორად უნდა იყოს აღქმული და წარმოდგენილი.

„პროცედურების და ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი ქვეყანას ისევ ჯიუტად მოახვიო თავს, ჩვენთვის რაღაც საბავშვო ბაღის თამაშები საინტერესო არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული საქმე და ჩვენ მზად ვართ შინაარსობრივ საკითხებში სერიოზული საუბრებისთვის და არა ამ ტიპის საბავშვო ბაღის თამაშებისთვის. მათი გადასაწყვეტია, როგორ ბოროტად გამოიყენებენ ინსტიტუტებს თუ პროცედურებს, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ევროკავშირის წარმომადგენლები წარმოდგენილი არიან აქ. იცით, რომ ანაკლიის პორტის ფსკერის დამაღრმავებელ სამუშაოებს ბელგიურ-ჰოლანდიური კომპანია ახორციელებს. ბრიუსელს თუ თავისი მოსულელება უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ამაში ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ საქმე კეთდება და ამ საქმეს მომავალშიც გავაგრძელებთ“, — განაცხადა ლევან მახაშვილმა.