17 ნოე 2026, 13:51
0აჭარა საქართველოში პირველი რეგიონია, სადაც იაპონურ გამოცდილებაზე დაფუძნებული დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის საპილოტე პროექტი ხორციელდება. ერთიანი დოკუმენტი ორსულობის პერიოდიდან ბავშვის ხუთი წლის ასაკის ჩათვლით დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. პროექტის პირველი შედეგებით, აჭარაში ქალების დაახლოებით 97% წიგნს იღებს, გამოკითხულთა 92% კი მას სასარგებლოდ მიიჩნევს. პროექტის მნიშვნელობასა და პირველ შედეგებზე გადაცემაში „ახალი დილა“ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ჯანდაცვის მიმართულების უფროსმა მრჩეველმა კეიკო ოსაკიმ ისაუბრა.
კეიკო ოსაკის განმარტებით, წიგნი სამედიცინო ჩანაწერებისა და საინფორმაციო მასალის ერთიან დოკუმენტში თავმოყრას გულისხმობს. დედას ის მუდმივად თან აქვს და ექიმების მიერ გაკეთებული ჩანაწერებით ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შენახული ჩანაწერებისგან განსხვავებით, ეს წიგნი დედას მუდმივად თან აქვს და შეუძლია ნებისმიერ დროს იხელმძღვანელოს იმ ჩანაწერებით, რომლებიც ექიმმა ჩაუწერა“, - განაცხადა კეიკო ოსაკიმ.
მისივე თქმით, დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ერთ დოკუმენტში თავმოყრა სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას უწყობს ხელს. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის ზრდა-განვითარების პროცესში სხვადასხვა სპეციალისტია ჩართული, წიგნი კი მათ შორის ინფორმაციის გაცვლას ამარტივებს.
„დედის ჯანმრთელობა და ბავშვის ჯანმრთელობა - ეს არის ერთგვარი უწყვეტი ჯაჭვი. შესაბამისად, თითოეული რგოლის გადაბმის მშვენიერი ინსტრუმენტი არის ეს წიგნი, რადგან მთელი ინფორმაცია ერთ წიგნშია თავმოყრილი და ხელს უწყობს დარგის სპეციალისტებს, რომ წინა ექიმის გამოცდილებას დააკვირდნენ და გაიზიარონ, ასევე მომდევნო ეტაპი ჯანმრთელობის მეთვალყურეობას დაუკავშირონ“, - აღნიშნა კეიკო ოსაკიმ.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი ჩანაწერების სახლში შენახვის რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წელს გასცა. წიგნი მშობლებს აწვდის ინფორმაციას ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე, კვებასა და ძუძუთი კვებაზე. ამასთან, ის ოჯახის წევრების ჩართულობასაც უწყობს ხელს.
კეიკო ოსაკის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში აჭარაში 16 სამედიცინო დაწესებულება შეირჩა, რათა პროცესში ჩართულიყვნენ როგორც ორსულთა, ისე მშობიარობისა და პედიატრიული მომსახურების მიმწოდებლები.
„რა თქმა უნდა, ამ წიგნის დანერგვის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავიდან გავრცელება წიგნის. რა თქმა უნდა, წიგნი უნდა მიიღოს დედამ, თუმცა აქ არ მთავრდება პროექტი. რეალურად, ამ პროექტის მთელი ღირებული ნაწილი იწყება ამის შემდეგ, როდესაც უკვე დედა და, შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი იწყებს ამ წიგნის გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - განაცხადა კეიკო ოსაკიმ.
პირველი წლის შედეგების შეფასებით, აჭარაში ქალების დაახლოებით 97% იღებს წიგნს, გამოკითხულთა 92% კი მიიჩნევს, რომ ის სასარგებლოა. დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის საპილოტე პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს თანამშრომლობით, 2024-2027 წლებში ხორციელდება.