17 ნოე 2026, 13:43
0აჭარა საქართველოში პირველი რეგიონია, სადაც იაპონურ გამოცდილებაზე დაფუძნებული დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის საპილოტე პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უწყვეტი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაა. რეგიონის საპილოტე პროექტისთვის შერჩევის მიზეზებსა და დანერგვის პროცესზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა გადაცემაში „ახალი დილა“ ისაუბრა.
რუსუდან შავიშვილის თქმით, იაპონიაში დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის გამოყენება, ომის შემდეგ ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობის შესამცირებლად დაიწყეს. მოგვიანებით ეს გამოცდილება დაახლოებით 50-მა ქვეყანამ გაიზიარა. თითოეული ქვეყანა წიგნს საკუთარ ტრადიციებს, საჭიროებებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს არგებს.
"საქართველო თითქმის ორი ათეული წელი ცდილობდა, რომ ეს წიგნი მოეზიდა თავისკენ და მე ძალიან ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ვარ ამ პროცესში ჩართული და ეს არის ისტორიული მოვლენა, ვინაიდან წიგნმა ძალიან კარგად იმუშავა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არ არის რაღაც კალკირებული და თარგმანი იაპონური ვარიანტისა. ვიზუალურადაც სხვა ქვეყნების წიგნი განსხვავდება, იმიტომ რომ ისინი სწავლობენ ეთნიკურ თავისებურებებს, განათლების დონეს, ზნე-ჩვეულებებს, სამედიცინო დარგის დონეს, სპეციალისტთა კომპეტენციებს და ესადაგებიან იმ ქვეყანას, რომელიც სურვილს გამოთქვამს“, - აღნიშნა შავიშვილმა.
რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარა საპილოტე რეგიონად ჯანდაცვის სისტემის მზაობის გამო შეირჩა. პროექტში მონაწილეობს 16 სამედიცინო დაწესებულება და სხვადასხვა სპეციალობის ექიმები და ექთნები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს. პროექტის მიზანია არა მხოლოდ წიგნის დედებისთვის გადაცემა, არამედ მათი ინფორმირება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.
"აჭარის რეგიონი გახლავთ დანერგვის რეგიონი, განსაკუთრებით შემიძლია ვისაუბრო ჯანდაცვის მიმართულებით. არაერთი პროექტის აპრობაცია ჯერ აქ ხდება და შემდეგ უკვე მისი წარმატებული გამოსავლების დადგომის შემდეგ ვრცელდება საქართველოს დანარჩენ რეგიონებში, - აღნიშნა რუსუდან შავიშვილმა.
რუსუდან შავიშვილმა მშობლებს, განსაკუთრებით კი მომავალ დედებს, წიგნის გაცნობისა და გამოყენებისკენ მოუწოდა.
"მამებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი, რომ გაეცნონ ამ წიგნს, იმიტომ რომ ამ წიგნში ისეთი საინტერესო, ისეთი მრავლისმომცველი, ისეთი საჭირო ინფორმაციაა, რომელიც გაადვილებს თქვენს ემოციებს, უფრო გაამდიდრებს თქვენს ცოდნას“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.