ედნარ ნატარიძე: რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს

17 ნოე 2026, 12:34

2
გაზიარება:

აჭარის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში განიხილება. ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მომავალი წლის გეგმებზე გადაცემაში „ახალი დილა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ედნარ ნატარიძემ ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით გაზრდილია. საშემოსავლო ნაწილი 930 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაშინ როცა მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 840 მილიონი ლარი იყო.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარდგენილი ბიუჯეტი საკმაოდ გაზრდილია მიმდინარე წელთან მიმართებაში და ეს ზრდა არ არის მხოლოდ ფიქტიური და ფურცელზე ასახული ციფრები. ეს კონკრეტულად შეეხება რეგიონში და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ზრდას. გაზრდილი ბიუჯეტი წარვადგინოთ ჩვენი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, რაც თავისთავად ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს და ასევე სოციალურ, ჯანდაცვის მიმართულებებსაც“, - განაცხადა ედნარ ნატარიძემ.

მისივე ინფორმაციით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით 215 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. დაფინანსება მოიცავს საცხოვრებელი სახლების მშენებლობას „ოცნების ქალაქში“, მაღალმთიან აჭარაში საბაგირო გზების განვითარებას, საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტურიზმის ხელშეწყობას.

„ოცნების ქალაქის“ პროექტზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მშენებლობა გეგმა-გრაფიკს უსწრებს და 1077 ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა იგეგმება.

„არსებული პროექტი სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით ძალიან აქტიურად და სწრაფ ტემპებში მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გეგმა-გრაფიკს უსწრებს. შენობები ფაქტობრივად დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა მოპირკეთებითი სამუშაოები. ჯამში 1077 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ვარაუდით და შემსრულებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, პროექტი წლის მიწურულს დასრულდეს და მომლოდინე ბენეფიციარებს კეთილმოწყობილ საცხოვრისში შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მექანიკურ-ბიოლოგიური გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით დაფინანსება 11-ჯერ იზრდება.

„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს საერთაშორისო ტენდერის პირველი ეტაპის დასკვნითი ეტაპი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან დასტურის შემდგომ უკვე გადავალთ შემდგომ ეტაპზე, რაც გულისხმობს ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მექანიკურ-ბიოლოგიური გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ასევე ფინანსები გათვალისწინებულია შუალედური გადამტვირთავი პუნქტისთვის“, - აღნიშნა ედნარ ნატარიძემ.

მინისტრმა ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ პროექტი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებაზე გადავიდა.

„აჭარის მთავრობის ძალისხმევით ბათუმის პლაჟის ხელოვნური კვების სამუშაოები გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებას, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტი არ შეჩერებულა, გაგრძელდება, უბრალოდ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება ბულვარისა და ძველი ბათუმის განახლება, ასევე დაიწყება შემოვლითი გზისა და სარფის მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოები. ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 97 მილიონი ლარით განისაზღვრა. ნატარიძის განმარტებით, დამატებითი რესურსის გამოყოფა მოქალაქეთა საჭიროებებმა განაპირობა.

„კონკრეტულად სამი მიმართულება იყო: პირველი - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა კვლევების დაფინანსება, გარდა მაღალტექნოლოგიური მიმართულებებით მოქალაქეთა დაფინანსებისა და სამედიცინო მიმართულებებით დაფინანსებისა. ვფიქრობთ, ეს ჩვენს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობის მიმართ გატარებული პრევენციული ღონისძიებაა და მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე საუბრისას ედნარ ნატარიძემ გოდერძის კურორტისა და თაგოს მიმართულებით დაგეგმილი საბაგირო გზების პროექტები გამოყო.

„ჩვენთვის მთავარია როგორც ბარის, ანუ ქალაქის და დაბების განვითარება, ინფრასტრუქტურა, ასევე მაღალმთიანი რეგიონის განვითარება, იქ არსებული მოქალაქეების ადგილზე შენარჩუნება, მიგრაციის შემცირება. მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის, კერძოდ კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი იქნა გათვალისწინებული, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, მათ შორის ახალი საბაგირო გზის მოწყობა, ასევე დაბა ხულოში თაგოს მიმართულებით საბაგირო გზის მოწყობა“, - განაცხადა ედნარ ნატარიძემ.