17 ნოე 2026
თურქეთის პოლიციამ ოპოზიციური ტელეარხის, Sozcu TV ოფისებში რეიდი ჩაატარა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელევიზიისა და მისი ონლაინპლატფორმების სამართავად სახელმწიფო მმართველი დაინიშნა, – ამის შესახებ „როიტერი“ ტელეარხზე დაყრდნობით იუწყება.
Sozcu TV-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დღეს დილით პოლიციამ ტელევიზიისა და საინფორმაციო ვებგვერდ Sozcu.com.tr-ის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. დაკავებულია არხის რამდენიმე ხელმძღვანელი პირიც.
სტამბოლის პროკურატურის ოფიციალური განცხადებით, Sözcü TV-ის ხელმძღვანელი პირები ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს წევრობისა და მისი დაფინანსების ბრალდებით დააკავეს. გამოძიება დაიწყო მედიაჯგუფის მფლობელის, ბურაქ აქბაის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრისა და ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭოს (MASAK) ანგარიშების საფუძველზე. ამასთან, ბურაქ აქბაის წინააღმდეგ გამოძიება ტერორისტული ორგანიზაციის შექმნისა და ხელმძღვანელობის, ასევე ტერორისტული პროპაგანდის ბრალდებებით მიმდინარეობს.
თურქეთის ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ოპოზიციური „ახალი პარტიის“ ლიდერმა, ოზგურ ოზელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Sozcu TV-ის წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები აჩვენებს, რომ ხელისუფლება უმცირეს კრიტიკასაც კი ვერ იტანს.
„ისინი კუთხეში არიან მომწყვდეული, ჭაობში იძირებიან. სწორედ ამიტომ ცდილობენ, ჩაიყოლონ ყველა, ვინც მათ მხარეს არ არის“, – წერს ოზელი.
Sozcu TV მეექვსე მსხვილი თურქული მედიასაშუალებაა, რომლის სამართავადაც ხელისუფლებამ სახელმწიფო მმართველი დანიშნა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ტელეკომპანიების – Halk TV, Flash TV, Eko Turk, Haberturk and Tele1- ის შემთხვევაში.