17 ნოე 2026
„ვიცი - წულუკიანი ნამდვილად ძალიან ძლიერ დასკვნას დაწერდა, სტრასბურგში მას ანდობენ ყველაზე რთულ საქმეებს“, - ამის შესახებ „ნეიტარალური საქართველოს“ წევრმა, პეტრე მამრაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ 5 პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ეს დასკვნა ისეთია და იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება საკონსტიტუციო სასამართლო და ამ იმედით ვარ, მაგრამ100%-ით რომ გითხრათ, არ ვიცი. მე ვიცი, რომ ნამდვილად ასაკრძალია. ამას გეუბნებით, როგორც მოქალაქე, როგორც ჩვენი „ნეიტრალური საქართველოს“ პარტიის წარმომადგენელი - ჩვენ ამას ვითხოვდით და ეს უნდა გაკეთდეს ყველა შემთხვევაში“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს არ ჰყავთ მხარდამჭერები, რასაც IRI-ის კვლევაც ადასტურებს.
„მოგეხსენებათ, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც (IRI ) დაადგინეს, ხვალ რომ იყოს არჩევნები, ერთი პარტია ისევ „ნაცების“ - არის ზღვარზე, რომ გადალახოს ბარიერი, დანარჩენი ვერცერთი. მაგრამ მათ აქვთ თავიანთი ტელევიზიები, აქვთ დიდი ფინანსები, რომ ამუშაონ ეს ტელევიზიები, ჰყავთ ორგანიზებული ჯგუფები სოციალურ ქსელში და ამიტომ ხმაურობენ ძალიან ცუდად. თანაც ეყრდნობიან დასავლეთში იმ ძალებს, რომლებიც პირდაპირ ცდილობდნენ, რომ საქართველო ჩართულიყო და მეორე ფრონტი გაეხსნა - არც მალავდნენ ამას, ისევ იმ პოზიციაზე არიან. სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, ხშირად აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან წამგებიანია მათთვის ქვეყნის შიგნით. აი, გავიხსენოთ ყველამ „ნაცების“ რამდენიმე განცხადება: „თუ ომია, კიდევაც უნდა იომო“; „ხომ არის შემთხვევა, რომ ერმა უნდა იომოს აი, ახლა ის შემთხვევაა და უნდა იომოს“. როგორ იომეს 2008 წელს, ვიცით, მაგრამ მოწოდებები ხომ არის?!“, - განაცხადა პერტე მამრაძემ.