17 ნოე 2026
„ეს უკვე იურიდიული კი არა, ფილოლოგიური საკითხია - რას შეიძლება ნიშნავდეს „დამხობა“, თან მშვიდობიანი“ - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა დავით დარჩიაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა, სადაც „მშვიდობიანი დამხობის“ ტერმინზე ისაუბრა.
„დამხობა“ ქართული პოლიტიკური დისკურსისათვის იყო თანდაყოლილი რამ. ისევ და ისევ ვიმეორებ 90-იანი წლების დასაწყისიდან, ვინ აღარ იძახდა სიტყვა „დამხობას“, „დავამხოთ“ და ასე შემდეგ - ეს სულ ითქმებოდა. ერთმანეთს, მახსოვს, ადარებდნენ ჯალალედინებს და ასე შემდეგ. მათი კომბინაცია გაარჩიონ არა მარტო იურისტებმა, არამედ ფილოლოგებმაც გაარჩიონ და დასკვნა ისე იქნას გამოტანილი.
პოლიტოლოგიაში ძალიან ბევრი ცნებაა, რომელსაც იყენებენ. თქვენ ან ფილოლოგიურად უნდა გაარჩიოთ, ან იურიდიულად. ფილოლოგიურად სიტყვა არსებობს. შინაარსი რა არის ამისა, ამაზე შეიძლება მსჯელობა“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, სიტყვა „დამხობის“ მონათვლა განსაკუთრებულ დანაშაულად, რაც პარტიების აკრძალვას უნდა იწვევდეს უპრეცედენტოა.
„რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე, მგონი, ძალიან კარგი პასუხი გასცა ვახტანგ ხმალაძემ. კონსტიტუციური წყობილების დამხობა ერთია, ხოლო მთავრობის დასამხობად მშვიდობიანი მოქმედებები - ეს მეორეა. ამის გაიგივება და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯებად მონათვლა იმისა, რასაც, ისევ ვიმეორებ, საქართველოში ლამის ყოველი მეორე ოპოზიციური პარტია აკეთებდა თუ აცხადებდა 30 წლის განმავლობაში - აი, ამის მონათვლა რაღაც განსაკუთრებულ დანაშაულად, რაც უნდა იწვევდეს პარტიების აკრძალვას, არის უპრეცედენტო საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.