16 ნოე 2026
„არ იყო სათანადო სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე. ჩვენ არ ვიცოდით, რა შეიძლება ხდებოდეს ძალოვან ინსტიტუტებში და როგორია პრაქტიკაში ანტიკრიმინალური პოლიტიკა“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, დავით დარჩიაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სისტემურ დანაშაულებს საქართველოში ყველა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, თუმცა დღეს არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად ადეკვატურად და ობიექტურად არის ეს საქმეები გამოძიებული.
„პირველ რიგში, დანაშაულთან გვაქვს საქმე. კი, ნამდვილად, ეს დანაშაულები იყო, მაგრამ რამდენად ადეკვატურად და ობიექტურად არის გამოძიებული - ამ საკითხის მიმართ არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. ასევე, სისტემურ დანაშაულებს ადგილი ჰქონდა ყველა ხელისუფლების დროს. ერთადერთი, შეიძლება ვთქვათ, რომ ზვიად გამსახურდიას დროს არაფერი მოესწრო, სულ რამდენიმე თვეში იქნა დამხობილი. შესაბამისად, მას შემდეგ მოვდივართ ძალიან სერიოზული სისტემური, თუ გნებავთ, დანაშაულების ფონზე წლებისა და ათწლეულების განმავლობაში… არ იყო სათანადო, დავარქვათ ასე, სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლი ძალოვან სტრუქტურებზე. ჩვენ არ ვიცოდით, რა შეიძლება ხდებოდეს ძალოვან ინსტიტუტებში და როგორია პრაქტიკაში ანტიკრიმინალური პოლიტიკა. ზოგადად, ანტიკრიმინალური პოლიტიკა ქვეყანას, რომ უნდა ჰქონოდა, და ასეთი ჰქონდა კიდეც - ეს გასაგებია, მაგრამ როგორ ხორციელდებოდა ის,ამაზე მაინცდამაინც საპარლამენტო კონტროლს ვერ ახორციელებდნენ. საპარლამენტო კონტროლი და, საერთოდ, სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლი იყო ნამდვილად პრობლემური, ხარვეზიანი და ეს შეიძლება დიდ სისტემურ ხარვეზად ჩაითვალოს. კონკრეტული დანაშაულების ჩადენა და პოლიტიკური სისტემის ხარვეზები სხვადასხვა რამ არის. ეს ხარვეზები მოგვდევს დიდი ხანია და ჩვენ არასდროს იდეალური დემოკრატია არ ვყოფილვართ“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.