სუდანში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ნუბიის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძრის ახალი ნაწილები აღმოაჩინეს

16 ნოე 2026, 21:36

0
გაზიარება:

ქვიშაში დამარხული ქრისტიანული ისტორიის ახალი სიცოცხლე - სუდანში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ნუბიის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული ტაძრის ახალი ნაწილები აღმოაჩინეს.

ძველ დონგოლაში პოლონურ-სუდანურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ეკლესიის ახალი ნაწილები აღმოაჩინა, რომელთა შორისაა კიბე და ტაძრის თავდაპირველი იატაკი. შთამბეჭდავია შემორჩენილი კედლები, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 11 მეტრს აღწევს.

წინასწარი შეფასებით, ტაძრის სიგანე 47 მეტრია, ხოლო სიგრძე - 57 მეტრი. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, არტურ ობლუსკის განცხადებით, ტაძრის ტერიტორიაზე გათხრები პირველად 2021 წელს დაიწყო, თუმცა 2023 წელს სუდანში დაწყებულმა ომმა კვლევითი სამუშაოები შეაჩერა.

არქეოლოგიური ძეგლი სუდანის ჩრდილოეთ შტატში, მდინარე ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ძველი დონგოლა შუა საუკუნეებში ქრისტიანული მაკურიის სამეფოს დედაქალაქი და მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო.

მეცნიერების შეფასებით, აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა საუკუნეებში დღევანდელი სუდანის ტერიტორიაზე ძლიერი ქრისტიანული კულტურა და მნიშვნელოვანი საეკლესიო ცენტრები არსებობდა.

2023 წელს დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად არაერთი ისტორიული ძეგლი დაზიანდა, ხოლო სუდანელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ქვეყანაში თითქმის 4 000 არქეოლოგიური ნივთი დაკარგულად ითვლება.

არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომდევნო ეტაპზე ტაძრის ისტორიისა და დანიშნულების შესახებ კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს ახდიან ფარდას.