16 ნოე 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო კატარის სახელმწიფოს ემირის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ასევე გაიცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და დადასტურდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.