16 ნოე 2026, 17:23
0რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია სპორტული ტრავმის შემდეგ? საკმარისია მხოლოდ ტკივილის გაქრობა თუ სპორტულ აქტივობას ეტაპობრივად უნდა დავუბრუნდეთ? როდის არის ამისთვის შესაფერისი დრო და როგორ შევამციროთ ხელახალი დაზიანების რისკი?
გადაცემაში „შეხვედრის დრო“ ფიზიკურმა თერაპევტმა და რეაბილიტოლოგმა ბექა გიორგაძემ სპორტული ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე, სპორტულ აქტივობასთან ეტაპობრივად დაბრუნების აუცილებლობაზე, სპორტსმენისა და ჩვეულებრივი ადამიანის აღდგენის პროცესებს შორის განსხვავებებზე, ტრავმების პრევენციის გზებსა და ბავშვთა ასაკში ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„კუნთის ტრავმას ყოველთვის არ ახლავს ტკივილი. თუმცა, როდესაც ადამიანი მცირე დისკომფორტს ან ტკივილს გრძნობს, მნიშვნელოვანია, ამ სიგნალს ყურადღება მიაქციოს და დროულად გამოავლინოს მისი მიზეზი. აუცილებელია, პრობლემა საწყის ეტაპზევე აღმოიფხვრას, სანამ ის უფრო სერიოზულ ტრავმაში გადაიზრდება.
ხშირად ხდება, რომ ადამიანი ტკივილის გაქრობისა და მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ რეაბილიტაციას ნაადრევად წყვეტს. თუმცა, ეს შესაძლოა მოგვიანებით ქრონიკული ტკივილისა და მდგომარეობის გართულების მიზეზი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რეაბილიტაციის სრული კურსი ჩატარდეს და პროცესი მხოლოდ ტკივილის გაქრობით არ დასრულდეს.
სპორტული ტრავმა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ არის — მას ხშირად ფსიქოლოგიური ტრავმაც ახლავს. განსაკუთრებით პროფესიულ სპორტში, როდესაც სპორტსმენს ტრავმის გამო გარკვეული პერიოდის გამოტოვება უწევს, ეს მისთვის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სირთულეა. ფიზიკური გამოჯანმრთელების მიუხედავად, ზოგჯერ სპორტსმენს უჭირს სრულფასოვან სპორტულ საქმიანობას დაუბრუნდეს.
ეს პროცესი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და სპორტთან მის დამოკიდებულებაზე. თუმცა არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენებმა მძიმე ტრავმების შემდეგ შეძლეს გამოჯანმრთელება და პროფესიულ სპორტში დაბრუნება“, - აღნიშნა რეაბილიტოლოგმა.
ასევე განმარტა, თუ რა განსხვავებაა სპორტსმენისა და ჩვეულებრივი ადამიანის რეაბილიტაციის პროცესებს შორის.
„სპორტსმენისა და ჩვეულებრივი ადამიანის რეაბილიტაციას შორის გარკვეული განსხვავებები არსებობს. სპორტსმენის კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემები გაცილებით მეტად არის განვითარებული. შესაბამისად, მისი ორგანიზმი ფიზიკურ დატვირთვასაც სხვაგვარად პასუხობს და აღდგენის პროცესიც შესაძლოა უფრო სწრაფად მიმდინარეობდეს.
თუმცა მთავარი განსხვავება საბოლოო მიზანშია. სპორტსმენმა ტრავმის შემდეგ არა მხოლოდ ყოველდღიური მოძრაობის უნარი უნდა აღიდგინოს, არამედ საკუთარ სპორტულ ფორმასაც დაუბრუნდეს და კვლავ შეძლოს მაღალი ინტენსივობის დატვირთვის შესრულება.
ჩვეულებრივი ადამიანისთვის კი რეაბილიტაციის მიზანი შეიძლება იყოს ყოველდღიური აქტივობების თავისუფლად შესრულება - სიარული, სირბილი, კიბეზე ასვლა თუ სხვა ჩვეულებრივი მოძრაობები.
როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, ფიზიკური აქტივობით ან ფიტნესით დაკავდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საწყის ეტაპზე პროფესიონალი ტრენერის დახმარებით ივარჯიშოს. მან უნდა შეისწავლოს ტრენაჟორების სწორად გამოყენება, ვარჯიშის ტექნიკა და დატვირთვის შესაბამისი რეჟიმი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმი თანდათან შეეგუოს ფიზიკურ აქტივობას და ტრავმის რისკი შემცირდეს.
რაც შეეხება ბავშვებს, სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანია, ისინი რაც შეიძლება მეტად იყვნენ ფიზიკურად აქტიურები. მშობლებმა უნდა შეუწყონ ხელი სირბილს, ხტუნვას, ეზოში და პარკში თამაშს, სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვასა და მოძრაობითი უნარების განვითარებას. ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა და აქტიური თამაშის წახალისება.
თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ ბავშვი კონკრეტული სპორტის სახეობით დაკავდეს, უმჯობესია, სპორტის შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციით შეარჩიოს ვარჯიშის დაწყების ასაკი და დატვირთვა.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სწორად შერჩეული და ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობა ბავშვის ზრდას ხელს არ უშლის. პირიქით, ის ხელს უწყობს მის ფიზიკურ განვითარებას, კუნთოვანი სისტემის გაძლიერებასა და სწორად ჩამოყალიბებას“, - განმარტა ბექა გიორგაძემ.