პროკურატურამ სახელმწიფოს კუთვნილი 41,1 მილიონი ლარის მითვისების ფაქტზე 4 პირი დააკავა

16 ნოე 2026

ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ყალბი ოფიციალური თუ საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ 4 პირი დააკავა.

თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა გამოძიება ჩაატარა. დადგინდა, რომ სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთი ფაქტობრივი მფლობელი პაატა სვანიძე, ასევე შპს „საჩინოსა“ და შპს „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი უკანონოდ დაეუფლნენ 41 105 298 ლარს. აღნიშნული თანხა იმ 145 367 365 ლარის ნაწილია, რომელიც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2017–2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში, მეტროს ვაგონების კაპიტალური შეკეთების, მოდერნიზაციისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისთვის გამოყო.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ბრალდებულებმა დააფუძნეს შპს „საჩინო“, რომლის სახელით და გადამზიდი კომპანია „ინტრანსის“ დახმარებით, ყალბი დოკუმენტებითა და ხელოვნურად გაზრდილი ღირებულებით ქვეყანაში მეტროს ვაგონების მაკომპლექტებელი დეტალები შემოიტანეს. ამის შემდეგ, შპს „საჩინოდან“ ფიქციური საგადასახადო საბუთების მეშვეობით, იმპორტირებული პროდუქცია „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ გასამმაგებულ ფასად მიჰყიდეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ერთს — 2 მილიონი ლარის ოდენობის გირაო.

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.