16 ნოე 2026
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამია ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისე წარმოაჩინოს თავი, თითქოს არავითარი კავშირი არ ჰქონია სააკაშვილის მმართველობასთან და ქვეყანაში ექსტრემისტულ პროცესებთან.
„ნიკა გვარამიას ჩვენებას საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს. რასაც ვხედავთ, თავდაცვის საკმაოდ სერიოზული მცდელობაა. ნიკა გვარამია თითქოსდა პოლიტიკურ ველზე გუშინ გაჩნდა და არავითარი კავშირი არ ჰქონია წამების იმ სადისტურ პერიოდთან, როცა იგი პროკურატურაში, თუ სხვა თანამდებობებზე სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას განაპირობებდა. ცდილობს თავის ჩვენებას, თითქოს ბოლო პერიოდში არავითარი კავშირი არ აქვს იმ ექსტრემისტულ პროცესებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა. გვარამიამ სააკაშვილის სადისტური მმართველობის პერიოდისგან გამიჯვნა ბევრჯერ სცადა და ასეთ ვითარებაში მისი მონაწილეობაც კი გამოირიცხა. ამ მოვლენებისგან გამიჯვნა უნდა, რადგან ფიქრობს, რომ ერთადერთი გზაა, რომლითაც შეიძლება, თავი დაიცვას. გამიჯვნა სააკაშვილისაგან, გამიჯვნა სადისტური მმართველობის პერიოდისგან, გამიჯვნა იმ ექსტრემიზმისგან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში მიმდინარეობდა, სადაც გვარამია ერთ-ერთი ლიდერი იყო და მაშინ, ამ ლიდერის ფუნქციით საკმაოდ ამაყობდა. ახლა როდესაც დაესვა კითხვები, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხი არ აქვს, ალბათ ტაქტიკა შეცვალა“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.