სახალხო დამცველმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ მიმდინარე განხილვის ფარგლებში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

16 ნოე 2026

24 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათ აკრძალვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარჩელის განხილვა სიახლეს წარმოადგენს საქართველოს სამართლებრივი სისტემისთვის, სახალხო დამცველმა გადაწყვიტა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae).

"სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში შეჯამებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრაქტიკა გაერთიანების თავისუფლებით დაცული სფეროსა და მისი მართლზომიერი შეზღუდვის თაობაზე. ამგვარად, დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი სტანდარტების განხილვის გზით, გამოკვეთოს ის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები, რაც სასამართლოს პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ წარმოდგენილი სარჩელის სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.