16 ნოე 2026
“დღეს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს” - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობის მინისტერიალი დღეს იმართება. დღესვე ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ წრეებში აფასებენ.
"ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან და ჯანსაღ მიდგომას, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. ჩვენ გვექნება ღირსეული დამოკიდებულება, სადაც ღირსეულ მოსაწვევს მიიღებს ჩვენი ქვეყანა, იქ სათანადოდ იქნება წარმოდგენილი, სადაც დავინახავთ განსხვავებულ დამოკიდებულებას, იქ გვექნება შესაბამისი რეაგირება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.