ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - ურთიერთპატივისცემა და თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აჭარაში

16 ნოე 2026, 13:54

1
გაზიარება:

მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების თანაცხოვრება, ერთმანეთის სიხარულისა და ტკივილის გაზიარება საუკუნეების ტრადიციაა. განსხვავებული რწმენა ადამიანებს არ აშორებს - ამის შესახებ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გადაცემაში „ახალი დილა“ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მოადგილემ, რეზო მიქელაძემ ისაუბრეს.

მამა ილია ხინიკაძის განცხადებით, აჭარაში მუსლიმებისა და ქრისტიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება ურთიერთპატივისცემის გამორჩეული მაგალითია.

"ჩვენ ვერ დავასახელებთ ერთ ფაქტსაც კი, როდესაც რაიმე კონფლიქტი არსებობდა ამ ორ კონფესიას შორის. ერთ ოჯახშიც შეიძლება დეიდა იყოს ისლამის მიმდევარი, შვილი კი ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელი. მათი თანაცხოვრება იმდენად შეხმატკბილებულია, ზოგჯერ გიჭირს გარჩევა, საერთოდ თუ არის განსხვავება ადამიანებს შორის. ეს არის საოცარი მაგალითი საქართველოს სხვა რეგიონებისთვისაც", - აღნიშნა დეკანოზმა.

რეზო მიქელაძის თქმით, თანაცხოვრების საფუძველი ადამიანობაა, ხოლო რწმენა ადამიანებს შორის ურთიერთობის დაბრკოლებად არ უნდა იქცეს.

„უპირველეს ყოვლისა, ადამიანობაა. ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, რა თქმა უნდა, რწმენა ვერ იქნება ხელის შემშლელი ჩვენი ურთიერთ თანაცხოვრებისთვის. ჩვენ ერთ სახლში ძმები ვართ და ერთიანად ვაშენებთ ძლიერ საქართველოს. ნებისმიერი რელიგია ბუნებით მშვიდობისკენ მოუწოდებს, ჩვენი ვალდებულებაა, ადამიანებს ურთიერთსიყვარულისა და მეგობრობისკენ მოვუწოდოთ და არ მივცეთ გაუცხოებას საშუალება“,- აღნიშნა რეზო მიქელაძემ.

რესპონდენტებმა გაიხსენეს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში მუსლიმი საზოგადოების მიერ გამოხატული პატივისცემაც. რეზო მიქელაძის განცხადებით, ბაირამის დღეებში მუსლიმურმა საზოგადოებამ სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმა და მართლმადიდებელი თანამოქალაქეების მწუხარება გაიზიარა.

„რელიგიური განსხვავებულობა არ არის გაუცხოება. როცა შენს ძმას აქვს ტკივილი, ამ დროს ვალდებული ხარ, ეს ტკივილი გაიზიარო, ისევე როგორც ლხინის დროს მისი სიხარული. ზუსტად ეს გზავნილი იყო ჩვენი მხრიდან, მუსლიმი ქართველების მხრიდან“, - აღნიშნა რეზო მიქელაძემ.

ორივე რესპონდენტის მთავარი გზავნილი ურთიერთპატივისცემის, სიყვარულისა და თანადგომის მნიშვნელობაა. როგორც მამა ილია ხინიკაძემ აღნიშნა, „მაცხოვარი ბრძანებს: გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი“.  რეზო მიქელაძის თქმით კი, მეზობლისადმი საუკეთესო დამოკიდებულება მორწმუნე ადამიანის ვალდებულებაა. სწორედ ეს ღირებულებებია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთობის საფუძველი.