16 ნოე 2026
მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების თანაცხოვრების მთავარი საფუძველი ადამიანობა, ურთიერთპატივისცემა და საერთო სამშობლოს სიყვარულია. სხვადასხვა აღმსარებლობის მიუხედავად, ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ, იზიარებენ სიხარულსა და ტკივილს. "ერთ სახლში ძმები ვართ და ერთიანად ვაშენებთ ძლიერ საქართველოს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის მოადგილემ, რეზო მიქელაძემ, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, გადაცემაში "ახალი დილა" ისაუბრა.
"უპირველეს ყოვლისა, ადამიანობაა, რაც მთავარია. ჩვენ, ადამიანები, ღვთიური სიტყვით აღმატებულ არსებებად ვართ დადგენილი. გამომდინარე აქედან, ჩვენ აქ ვართ ყველა ქართველები და რა თქმა უნდა, რწმენა ვერ იქნება ხელის შემშლელი ჩვენი ურთიერთ თანაცხოვრებისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ერთ სახლში ძმები და ერთიანად ვაშენებთ ძლიერ საქართველოს", -აღნიშნავს რეზო მიქელაძე.
რეზო მიქელაძის განცხადებით, ნებისმიერი რელიგია თავისი ბუნებით მშვიდობისკენ მოუწოდებს ადამიანს, სასულიერო პირების პასუხისმგებლობა კი ამ ღირებულებების საზოგადოებისთვის გაზიარებაა.
"როგორც სასულიერო პირებს, ასევე რელიგიის მესვეურებს, გვაკისრია ვალდებულება, რომ ადამიანებს ყოველთვის მშვიდობისკენ მოვუწოდოთ. ნებისმიერი რელიგია ბუნებით მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. ჩვენი ვალდებულებაა, მაღალი ტრიბუნიდან, იქნება ეს ქურსი, ამბიონი თუ სხვა, ადამიანებს ვესაუბროთ ურთიერთსიყვარულზე, მეგობრობაზე და არ მივცეთ გაუცხოებას რაიმე ფორმით გამოვლენის საშუალება. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ტოლერანტობის, თუმცა ეს ცოცხალი ორგანიზმია და ყოველდღიურად უნდა გამოიკვებოს, რათა მომავალ თაობებსაც გადავცეთ", - აღნიშნავს რეზო მიქელაძე.
მისივე თქმით, პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში მუსლიმი საზოგადოების მხრიდან გამოხატული თანადგომა სწორედ ამ ურთიერთობისა და საერთო ტკივილის გაზიარების მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბაირამის დღეები აღინიშნებოდა, მუსლიმურმა საზოგადოებამ სადღესასწაულო ღონისძიებები გააუქმა.
"ჩვენ, მუსლიმი ქართველები თუ მართლმადიდებელი ქართველები, ყოველთვის ვცდილობთ, მივაწოდოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გზავნილი, რომ რელიგიური განსხვავებულობა არ არის გაუცხოება. როცა შენს ძმას აქვს ტკივილი, ამ დროს ვალდებული ხარ, ეს ტკივილი გაიზიარო, ისევე როგორც ლხინის დროს მისი სიხარული. ზუსტად ეს გზავნილი იყო ჩვენი მხრიდან, მუსლიმი ქართველების მხრიდან“, - აღნიშნა რეზო მიქელაძემ.
მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ მეზობლისადმი საუკეთესო დამოკიდებულება მორწმუნე ადამიანის ვალდებულებაა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება მომავალ თაობებსაც უნდა გადაეცეს.