მამა ილია ხინიკაძე: აჭარაში მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების თანაცხოვრება ურთიერთპატივისცემის გამორჩეული მაგალითია

16 ნოე 2026

აჭარაში მუსლიმი და ქრისტიანი ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრება საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ყოველდღიურობაა - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესმდივანმა, დეკანოზმა ილია ხინიკაძემ გადაცემა "ახალ დილაში" განაცხადა. ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ორ კონფესიას შორის კონფლიქტის არცერთი ფაქტი არ არსებობს.

დეკანოზის თქმით, აჭარაში განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანების თანაცხოვრება იმდენად ბუნებრივი და მჭიდროა, რომ რელიგიური განსხვავება ყოველდღიურ ურთიერთობებში დაბრკოლებას არ ქმნის.

"იმდენად მჭიდროდ დავუკავშირდით ერთმანეთს, როგორც გეოგრაფიულად, ისე ერთ ოჯახში - წარმოიდგინეთ, შეიძლება დეიდა იყოს, მაგალითად, ისლამის მიმდევარი, შვილი იყოს ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელი და აი ამათი თანაცხოვრება იმდენად შეხმატკბილებულია, ზოგჯერ გიჭირს გარჩევა, საერთოდ თუ არის განსხვავება ადამიანებს შორის. არ არის დაძაბული მდგომარეობა ერთმანეთთან და ვფიქრობ, რომ ეს არის საოცარი მაგალითი ყველასთვის, საქართველოს დანარჩენი სხვა რეგიონებისთვისაც, რომელთათვისაც ეს უცხოა“, - განაცხადა მამა ილია ხინიკაძემ.

საუბრისას დეკანოზი შეეხო ტოლერანტობის არსსაც და განმარტა, რომ ქრისტიანული გაგებით, ადამიანის სიყვარული მისი ყველა ქმედების მოწონებას არ ნიშნავს.

"დღეს ტოლერანტობა აღიქვამს არა ყველა შემწყნარებლობას, არამედ ყველაფრის შემწყნარებლობას, რასაც ჩვენ უარვყოფთ. არის აგალითად ცოდვა, რომელსაც ვერ შევიწყნარებთ, მაგრამ ცოდვილის შეწყნარების ვალდებულება გვაქვს. თუ ქრისტე ამბობს, რომ უყვარდეთ ყველა, ყველას სიყვარული გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ კი არ ვყოფთ მათ სოციალურ ფენებად, ეროვნული ნიშნით, ან რელიგიური ნიშნით, არამედ ყველას სიყვარულის ვალდებულება გვაქვს. თუ ადამიანი რაღაც ცოდვაშია ან არასწორი გზით მიდის, ჩვენ მას უნდა მოვუწოდოთ, ეს არის სიყვარული“, - განმარტა დეკანოზმა.

მამა ილიამ პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებისა და დაკრძალვის დღეებში მუსლიმი საზოგადოების მიერ გამოხატულ პატივისცემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პატრიარქის სიყვარული სხვადასხვა კონფესიის ადამიანებს სწვდებოდა, რასაც არაერთი მაგალითი ადასტურებს.

"პატრიარქი ილია იყო უნიკალური მოვლენა. მე ვფიქრობ, რომ ალბათ საუკუნეში ერთხელ, საუკუნეების განმავლობაში ერთხელ იბადებიან ასეთი პიროვნებები. მისი სიყვარული სწვდებოდა ყველას, მათ შორის სხვადასხვა კონფესიების ადამიანებს. თვითონ პატრიარქი იყო პატივისცემით გამსჭვალული ყოველი ადამიანის მიმართ. ჩვენ აქ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ თუ სახარება ყველას მიმართ სიყვარულს გვასწავლის, ეს თავისთავად პატივისცემას გულისხმობს, პიროვნების პატივისცემას“, - აღნიშნა დეკანოზმა.

საუბრის დასასრულს დეკანოზმა ის მთავარი გზავნილი გააჟღერა, რაც, მისი თქმით, საზოგადოების ერთიანობის საფუძველი უნდა იყოს: მაცხოვარი ბრძანებს - "გიყვარდეს ღმერთი, გიყვარდეს მოყვასი". 

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ეს სიტყვები უნდა იყოს ის, რამაც ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს და გადაგვარჩინოს. მისივე თქმით, სწორედ მოყვასის სიყვარული აყალიბებს მშვიდობას სამყაროში და ქმნის საერთო მომავალს.