ისმაილ ბაღაი აცხადებს, რომ ირანი პასუხისმგებლობას აკისრებს რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს ირანზე თავდასხმაში დაეხმარნენ

15 ნოე 2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, ირანი პასუხისმგებლობას აკისრებს რეგიონის იმ ქვეყნებს, რომლებიც აშშ-სა და ისრაელს ირანზე თავდასხმაში დაეხმარნენ.

ბაღაის თქმით, ყველა ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულია და დიპლომატიური არხებით უშუალოდ ამ ქვეყნებს გადაეცათ.

„ყველა შემთხვევა, როცა რეგიონის ქვეყნებმა შეერთებულ შტატებსა და სიონისტურ რეჟიმს ირანზე თავდასხმაში დახმარება გაუწიეს, დოკუმენტირებულია და დიპლომატიური არხებით პირდაპირ გადაეცა ამ ქვეყნებს. ირანის ისლამური რესპუბლიკა ამ საკითხზე მუშაობას აუცილებლად სერიოზულად განაგრძობს“, – განაცხადა ბაღაიმ.

ისმაილ ბაღაიმ ბირთვულ პროგრამაზეც ისაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, დათანხმდება თუ არა ირანი ურანის გამდიდრების შეჩერებას.

„არა. ამ პერიოდში ბირთვულ საკითხთან დაკავშირებულ არცერთ დეტალზე არ ვმსჯელობთ და არც გვიმსჯელია“, – უპასუხა ბაღაიმ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ევროპულ ქვეყნებს ჩვევად აქვთ მტკიცებულებებისა და დასაბუთების გარეშე ბრალდებების წაყენება.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ ირანის წინააღმდეგ ეს ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ ახლა საფრანგეთის მთავრობას ვთხოვთ, ბოლო მოუღოს ირანის წინააღმდეგ ბრალდებების გავრცელებას, რადგან ეს საერთაშორისო სამართლით მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და საფრანგეთის მთავრობას საერთაშორისო პასუხისმგებლობას აკისრებს“, – განმარტა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

ცნობისთვის, საფრანგეთი ირანს კიბერშეტევაში ადანაშაულებს. 9 ნოემბერს საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ დააკისრეს პასუხისმგებლობა შეტევებზე, რომელმაც გასულ თვეს მთელ ქვეყანაში კომერციული მაცივრები და საყინულეები გათიშა. პარიზის პროკურატურის ცნობით, შეტევამ 700 სავაჭრო ობიექტი დააზარალა, სურსათი გაფუჭდა და ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ხანძარი გაჩნდა.