15 ნოე 2026
ქართველი მებრძოლების ტრიუმფი Real American Freestyle-ის ტურნირზე. საბა ლაზიშვილმა და მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მეტოქეები დაამარცხეს.
ქართველმა მოჭიდავემ, 21 წლის საბა ლაზიშვილმა აბუ დაბიში, UFC-ს დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი 12:7 დაამარცხა.
თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზაციამ ის ტურნირიდან ჩახსნა და მის ნაცვლად ქართველი სპორტსმენი შეიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილისთვის ეს RAF-ის ეგიდით გამართული სადებიუტო შეხვედრა იყო. მერაბ დვალიშვილმა კი ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.
შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო. ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მონაწილეობა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მიიღო. 11 ნოემბერს მას და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.