სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

15 ნოე 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 3 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ძებნილი პირი თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.