14 ნოე 2026
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალის - „განდაგანას“ აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი მიმდინარეობს.
ფესტივალის ფარგლებში, სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ბენდები ზრუნავენ, მათ შორის არიან: ბენდი „ ურსა“, „გორდელა“, „კახაბერი და ხანუმები“, „ოდა“, „თეატრალური კვრატეტი“, „ქართული ხმები“, „შვიდკაცა“ და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“.
ღონისძიებაზე აჭარული სოფლები, ორი დღის განმავლობაში, თავისი ტრადიციებით, კულტურითა და სოფლის ნობათით ევროპის მოედანზე არიან წარმოდგენილები.
მოწყობილია სპეციალური კვების კუთხეები, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს ამზადებენ. ტარდება თიხის, ქარგვის, კულინარიული მასტერკლასები და შეჯიბრებები. ასევე, წარმოდგენილია "გარდენია შევარდნაძის"აჭარული სოფლის თემატური დეკორაციები.
„განდაგანაზე" მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 200-მდე ადგილობრივი და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მეწარმის ხელნაკეთი ნამუშევრები და სოფლის ნობათია წარმოდგენილი.
სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირება