14 ნოე 2026
ბათუმში მიმდინარე ფესტივალ „განდაგანას“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაზე ისაუბრა.
“აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ პატარიძემ განაცხადა, რომ მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნისა და რეგიონის პოპულარიზაციაში, ხელს უწყობს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, აჭარა გაიცნოს და აღიქვას სრულად ერთ ლოკაციაზე და სწორედ ამას ემსახურება ეს ფესტივალიც“, - განაცხადა მან.
აჭარის მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფესტივალი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის კულტურული და გასტრონომიული მრავალფეროვნების წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა. „აქ წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტი, ყველა კუთხე ტრადიციული კერძებით, რაც ფერმერებსა და მეწარმეებს საკუთარი ნაწარმის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის საშუალებას აძლევს. ეს არის სინთეზი - სწორად აწყობილი მუშაობა ხელისუფლების, მთავრობის, ბიზნესის, მეწარმეების“, - აღნიშნა პატარაძემ.
მან, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნებას. მისივე თქმით, აჭარა ვიზიტორებს სთავაზობს როგორც ზღვისა და მთის ტურიზმს, ისე სოფლის, აგრარულ, გასტრონომიულ და ღვინის ტურებს, ასევე სამთო-სათხილამურო დასვენებას.
აჭარის მთავრობის მეთაურმა, ყურადღება გაამახვილა ტურისტული ნაკადების ზრდისა და სეზონურობის დაძლევის მნიშვნელობაზეც. მისივე განცხადებით, რეგიონის ტურისტული პოტენციალისთვის აუცილებელია მისი შესაძლებლობების წარმოჩენა წლის ოთხივე სეზონზე, როგორც ზღვისპირეთში, ისე მაღალმთიან აჭარაში. „ბათუმი არის სავიზიტო ბარათი, მათ შორის, ტურისტული მიმართულებით, შესაბამისად, პანორამა უნდა გაიშალოს ოთხივე სეზონზე, როგორც მთაში, ასევე, ბარში“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.