თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვეს

14 ნოე 2026

თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, მხარდაჭერა აღუთქვა და 2026 წელს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში წარმატებული ასპარეზობისთვის, მინისტრის სახელით, მაჯის საათები გადასცა.

დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ აქტივობებში რეგულარულად არიან ჩართულნი, რაც მათ მოტივაციას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასა და სოციალურ რეინტეგრაციას უწყობს ხელს. მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 32-მა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, მათ შორის: გერმანიაში გამართულ "გერმანიის ძლიერთა თამაშების სპორტულ ფესტივალში", შოტლანდიაში - "რთულ რელიეფზე მარშირებასა" და ლისის ტბაზე გამართულ ყოველწლიურ საქველმოქმედო გარბენში.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდასაჭერად სხვადასხვა სოციალურ და ფსიქოლოგიურ პროგრამას ახორციელებს.