14 ნოე 2026
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სსფ-ის შეფასებით, ვირტუალური აქტივების სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობისა და შესაბამისი რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფა.
ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელებას.
მისიის განცხადებაში ასევე შეფასებულია საქართველოს ფინანსური სექტორის მდგომარეობა. სსფ-ის თანახმად, ქვეყნის საფინანსო სექტორი ჯანსაღია, საბანკო სისტემაში კაპიტალიზაციის, მომგებიანობისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლები მაღალია, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის – ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება“, – ნათქვამია სსფ-ის მისიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოში ვიზიტი 9-13 ნოემბერს გამართა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა და რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაფასა.