საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

13 ნოე 2026

საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ქვეყნის სარკინიგზო ქსელთან დამაკავშირებელი ახალი ხაზის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი დაახლოებით 17.7 კმ სიგრძის ელექტროფიცირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც სოფელ ხამისკურთან არსებული სარკინიგზო მაგისტრალიდან დაიწყება და ანაკლიის ნავსადგურამდე მივა.

ასევე დაგეგმილია ანაკლიაში ახალი სარკინიგზო სადგურის მშენებლობა და ხობის სადგურის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია. დაახლოებით 205 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. სამუშაოების დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვეა.

პროექტის განხორციელების გრაფიკის მიხედვით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ოპერირების დაწყებისთვის მზად უნდა იყოს.