13 ნოე 2026
მოსამართლე ევა გოცირიძის აცილების მოთხოვნით განახლდა საკონსტიტუციო სასამართლოს მეთორმეტე საპროცესო დღე. მოსამართლეთა პლენუმმა შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია.
მოსამართლეებმა შეკითხვების დასმა კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან გააგრძელეს. სხდომის პირველი ნაწილი ადამიანის უფლებებისა და საკუთრების უფლების დარღვევას შეეხებოდა. მოპასუხეებმა დარღვევის ცალკეული შემთხვევები დაადასტურეს, თუმცა მიაჩნიათ, რომ პასუხისმგებლობა მთელ პარტიას არ უნდა დაეკისროს.
მოსამართლეებმა წინა ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების საჩივრები შეახსენეს, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის ფაქტი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ფაქტებთან დაპირისპირება მათ აბსურდულ მდგომარეობაში აყენებს.
იყო თუ არა აქციები ძალადობრივი და სცდებოდა თუ არა ისინი კონსტიტუციურ ჩარჩოებს? — მსგავსი კითხვებითა და დაზუსტებებით მოსამართლეები სარჩელის მიხედვით აქციების საკითხსაც შეეხნენ. მათ შორის, არა მხოლოდ ბოლო წლების აქციებს. მოპასუხეებმა ძალადობის შემთხვევები არ უარყვეს და განაცხადეს, რომ მასშტაბური აქციების მართვა რთული იყო და ცალკეული დანაშაულების ფაქტებიც არსებობს.
სხდომის დიდი ნაწილი „ქართული ქარტიის“ შესახებ კითხვებს დაეთმო. სწორედ მასზე ხელმოწერას ასახელებს მოსარჩელე მხარე სხვა პარტიების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირების ერთ-ერთ მიზეზად.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სხდომის განმავლობაში ისინი სახელმწიფოსა და პარტიული ბრალდებების გამიჯვნას ითხოვდნენ.