13 ნოე 2026, 20:46
0თედორაძეების მრავალწევრიან ოჯახს დღეს მთავრობის თავმჯდომარისგან იმ ბინის გასაღები გადაეცა, რომელსაც წლებია მოუთმენლად ელიან. სტიქიის ზონიდან 2022 წლიდან დღემდე შოთა თედორაძე ოჯახთან ერთად მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ქირით ცხოვრობს.
ახლა უკვე ახალი ფართის ოთახებს ოჯახის წევრებისთვის ანაწილებენ და ერთმანეთთან ინტერიერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ. მათ მსგავსად, კიდევ 120 ეკომიგრანტ ოჯახს ერგეში, 11-სართულიან კორპუსში, თანამედროვე ტიპის, უსაფრთხოდ მოწყობილი ახალი ბინის გასაღები გადაეცა, რაც მათთვის ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ის, რომ აჭარაში სოციალური მიმართულება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, ხელვაჩაურში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, სოციალური საცხოვრებლების პროექტები მხოლოდ ბინების მშენებლობას არ მოიცავს და მათ ფარგლებში გათვალისწინებულია მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის, უსაფრთხო გარემოსა და სხვა სოციალური ობიექტების შექმნაც.
პროექტი ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 11-სართულიან კორპუსში 121 ბინაა მოწყობილი, რომლებიც საჭირო კომუნიკაციებითაა უზრუნველყოფილი.
ხელვაჩაურის მერი განმარტავს, რომ ბინები ოჯახების წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით გადანაწილდა. პროექტის მშენებლობა 2024-2026 წლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 14 მილიონ 600 ათას ლარზე მეტია.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის, განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ბიუჯეტის განხილვისა და მიღების, ისე მოსახლეობის საჭიროებებთან ხელისუფლების პოლიტიკის დაკავშირების პროცესში.
მისივე თქმით, მმართველი გუნდისთვის სოციალური საკითხები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს მიმართულება წლიდან წლამდე ბიუჯეტშიც სულ უფრო მეტ ადგილს იკავებს.
რეგიონში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გრძელდება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში საცხოვრებელ ფართს მალე 255 ბენეფიციარი მიიღებს. გრძელდება „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპიც - პროექტის დასრულების შემდეგ ახალ ბინებს 1300-ზე მეტი ოჯახი მიიღებს.