13 ნოე 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარტიის ლიდერის მიერ აქცენტირებულ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ამბობენ, რომ სხდომებზე კანონის სტანდარტებით მოქმედებენ და ის, რასაც მათგან მსჯავრდებული სააკაშვილი ელის პოლიტიკური დებატების საკითხია.
რაც შეეხება მმართველ გუნდს - უმრავლესობაში ამბობენ, რომ პარტია ორი დღეა პროცესზე აბსურდული არგუმენტებით გამოდის და ეს მათ პატიმარ ლიდერსაც კარგად ესმის.
„უარყოფენ ყველაფერს. უარყოფენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არსებობს რაღაც კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგიერთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ძალადობის რაღაც კონკრეტული ფაქტები შეიძლება იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი, კონკრეტულ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილიო, ამასთან ჩვენ რა კავშირში ვართო. იმდენად აბსურდული პოზიციები აქვთ, რომ ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებაც ამასთან დაკავშირებით. ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა ეს და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ თვალსაზრისით ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მართლაც აბსურდულია მათი პოზიციონირება. მძიმე მდგომარეობაში არიან, უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერც შეძლებენ, მათ ვერ ექნებათ არგუმენტები ჩვენი იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომლებიც სარჩელშია მოყვანილი. ამიტომ, როდესაც ცდილობ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.