ბათუმში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება - ღონისძიებაში 200-მდე მეწარმე ჩაერთვება

13 ნოე 2026, 13:03

0
გაზიარება:

ბათუმში ტრადიციული ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება, რომელიც წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება. 14 და 15 ნოემბერს ევროპის მოედანზე სტუმრებს აჭარული სოფლების კულტურის, ყოფისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი პროდუქცია, ხალხური რეწვა, კულინარიული სივრცეები, მასტერკლასები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის პროგრამის, სიახლეებისა და სოფლის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ გადაცემა „ახალ დილაში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალში 200-მდე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ რეწვის ოსტატების ნამუშევრები, შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია და დააგემოვნონ ტრადიციული კერძები.

„ფესტივალში 200-მდე მეწარმე მონაწილეობს. იქნება რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ასევე სოფლის ნობათი, ადგილობრივი პროდუქცია, რომელსაც სოფლებიდან ჩამოიტანენ, რათა წარმოადგინონ და გაყიდონ. გვექნება კულინარიული სივრცეც, სადაც ყველა მოსულ ვიზიტორს, ადგილობრივსა თუ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება, აჭარული სამზარეულო დააგემოვნოს“, - აღნიშნა ლელა გოგუაძემ.

მისი თქმით, წლევანდელი ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა. ღონისძიების მიზანი კი არა მხოლოდ ტრადიციების წარმოჩენა, არამედ სოფლის ტურიზმის ხელშეწყობა და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერაცაა.

„სიახლე ის არის, რომ უკვე აჭარის ფარგლებს გავცდით და კულინარიულ სივრცეში გვყავს გურია, სამეგრელო და სვანეთი. ფესტივალი მხოლოდ კულინარიით არ შემოიფარგლება. გვექნება თიხისა და ნაქარგობის მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის მოეწყობა თოჯინების თეატრი, სახის მოხატვა, ანიმაციები და საპნის ბუშტების წარმოდგენები. კულინარიულ მიმართულებაში კი ჩართული იქნებიან შეფები და ბათუმისა და ქობულეთის პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როდესაც ფესტივალი შეიქმნა, სწორედ სოფლის ტურიზმის პოპულარიზაცია, იმ ავთენტურობის, იდენტობისა და შესაძლებლობების წარმოჩენა იყო, რაც ჩვენს რეგიონს გააჩნია. ფესტივალი ეტაპობრივად გაიზარდა, მრავალფეროვანი გახდა და მასშტაბიც გაიზარდა. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი ეკონომიკური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლელა გოგუაძემ.

ღონისძიების კულტურულ პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ბათუმის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „არსიანი“, ასევე მოწვეული ეთნობენდები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.