შალვა პაპუაშვილი: ფაშისტური რეჟიმის შემქმნელები ნიურბერგის პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ ცალკეული გადაცდომები იყო და ეს სახელმწიფო პოლიტიკა არ ყოფილა, ამას ერთ-ერთში "ნაცმოძრაობა" იმეორებს

13 ნოე 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა. მისი თქმით, წინა ხელისუფლების შესახებ, უკვე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელშიც წერია მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან სისტემურ წამებაზე და "ნაციონალური მოძრაობა" ამის უარყოფასაც კი ცდილობს.

''ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია სიტყვა – სისტემური, როდესაც საქმე ეხება წამებას ციხეებში. ამ მიმართულებით პირდაპირ სამართლებრივი ვერდიქტია გამოტანილი, რომ ეს იყო სისტემატური და სისტემური, ასევე წამების გარემო იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ დღეების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსვლებს ვაკვირდებით. კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით მიმდინარეობს, არამედ ეს საზოგადოებისთვის უკვე გახდა პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანისა და დადასტურების კიდევ ერთი შესაძლებლობა. პირდაპირ ეთერში ვისმენთ რეჟიმის შემქმნელების, მათი დამცველების, მეხოტბეების და მხარდამჭერების საუბარს, რომლებიც ახლაც არ აღიარებენ არჩევნებს. არ აღიარებენ, რომ წამების სისტემა არსებობდა და ამას სასამართლოს წინაშე ამბობენ. კასრებში რაღაც იპოვესო და რა ვიცით, რა არისო. ეს მაშინ, როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ მოხდა იმ დანაშაულების მხილება, რაც რეჟიმის შეცვლის შემდეგ კიდევ ბევრი აღმოჩნდა. ვნახეთ, ერთი მხრივ, რა დანაშაულს სჩადიოდა სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმი და შემდეგ, ამ ყველაფერს როგორ ადოკუმენტებდა ვიდეო თუ სხვა ჩანაწერებით და ამას როგორც ინახავდა, რომ შანტაჟის საშუალება ჰქონოდა საზოგადოებაზე თუ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ჩანაწერებშია. ცნობილია, რომ ასეთი ჩანაწერები საკუთარი გუნდის წევრებზეც ჰქონდათ და მათ აშანტაჟებდნენ'' – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.