13 ნოე 2026
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის - შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციას გეგმავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე სააგენტომ უზრუნველყო ძეგლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალმხრივი, მათ შორის კომპლექსის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო კვლევები, შეფასდა არსებული დაზიანებები, განისაზღვრა რეაბილიტაცია-კონსერვაციისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეთოდოლოგია.
ტაძრის რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება მისი დამაზიანებელი ყველა ფაქტორის აღმოფხვრა. განხორციელდება ქვისა და კედლის მხატვრობის კონსერვაცია, სრულად შეიცვლება გადახურვა და მოეწყობა წყალარინების სისტემა.
პროექტირების დეტალები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თეა ონიანმა, და შპს „Arch-R ჯგუფის“ დირექტორმა, გურამ სუთიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გია ანთაძე, და საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია.
შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი მოიცავს მაცხოვრისა და ზარზმის სახელობის ტაძრებს, სამრეკლოსა და გალავანს. მისი მთავარი ნაგებობებია XII-XIV საუკუნეების მაცხოვრის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა და XVI საუკუნეში ვახტანგ გურიელის მიერ აგებული ზარზმის სახელობის გუმბათიანი ტაძარი.
ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.