ირაკლი ქადაგიშვილი: ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი იყო, ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

13 ნოე 2026

ჩინეთისა და საქართველოს მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაციას ჩინეთში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა მმართველ პარტიასთან, მის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტთან ძალიან მჭიდრო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რაც, ზოგადად, განაპირობებს ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების გზაკვლევებს. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მთელი რიგი საინტერესო შეხვედრები ქალთა, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, უცხო ენების უნივერსიტეტთან, სადაც ქართული ენის სექციაა გახსნილი და თორმეტი ჩინელი ახალგაზრდა ეუფლება ქართულ ენას. მოგეხსენებათ, რომ მმართველ პარტიებს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მმართველობით სისტემაში სწორედ მმართველ პარტიას გააჩნია წამყვანი როლი, ამიტომ ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისათვის ამას აქვს თავისი მნიშვნელობა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამასთან, ქადაგიშვილმა ჭეძიანგის პროვინციაში, ქალაქ ხანგჭოუში ტექნოლოგიურ კომპანიებში ვიზიტზეც საუბრისას აღნიშნა, რომ დაინახეს ჩინეთის რეალური პოტენციალი.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ვიზიტი ამ ქალაქში, რამეთუ ეს არის ტრადიციისა და კულტურის მატარებელი ქალაქი, არამედ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი ინოვაციების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის განვითარების. ამიტომ აქ ჩვენ დავინახეთ რეალური პოტენციალი, რაც ჩინეთს აქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესისათვის ურთიერთობა ჩინურ ბიზნესთან. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით გვქონდა საინტერესო შეხვედრები და დავამყარეთ კარგი კავშირები.

ამავდროულად, ამ პროვინციას, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ეს უკვე მნიშვნელოვანწილად რეალიზებული აქვს, კარგია, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონთან მოხდება მისი დამეგობრება. ამასთან დაკავშირებით უკვე წინასწარი თანხმობა ამ რეგიონის ხელმძღვანელობისგან ჩვენ გვაქვს და შემდგომი კონსულტაციები გაგრძელდება უკვე საელჩოს ჩართულობით, რათა ეს რეალიზებული იქნეს. ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში რეგიონებს აქვთ ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალი და მოქმედების დიდი არეალი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს საქართველოსთვის და კონკრეტულად იმ რეგიონისთვის, ვისთანაც გაფორმდება მეგობრობის ხელშეკრულება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.