"უსაფრთხო, ძლიერი და დაკავშირებული ევროპა" - წელს დუბლინში 45-ზე მეტი ევროპული სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა, მათ შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი

12 ნოე 2026

"უსაფრთხო, ძლიერი და დაკავშირებული ევროპა" - ამ სლოგანის გარშემო წელს დუბლინში 45-ზე მეტი ევროპული სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური შეიკრიბა. წლის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სამიტი, ირლანდიის საკონვენციო ცენტრში დელეგატების ოფიციალური დახვედრით დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა სახელმწიფოთა მეთაურების მსგავსად, სამიტის მასპინძელმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა მიჰოლ მარტინმა უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებთან, ასევე ევროკავშირის, ნატო-სა და ევროპის საბჭოს ხელმძღვანელებთან ერთად სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრმა EPC-ის სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო დახურულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებასა და თავდაცვას მიეძღვნა. ევროპელ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაში საქართველოს როლზე.

ირაკლი კობახიძე ასევე დაესწრო სამიტის ფარგლებში ნარკოტიკების საკითხთან დაკავშირებულ თემატურ ღონისძიებას. პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგასაც შეხვდა. ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას, საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას.

მრგვალი მაგიდის გახსნით სესიაზე განხილვის მთავარი საკითხი დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოება და თავდაცვა იყო. სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის სრულფასოვანი მონაწილეობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და პარტნიორებს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. თავის მხრივ, სამიტის მონაწილე ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელები უკრაინის დახმარების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

სამიტის ფარგლებში მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ცალკეული ევროპული ქვეყნის ლიდერები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებენ და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობენ. ევროპელი პარტნიორები დიალოგს განიხილავენ, როგორც მთავარ ინსტრუმენტს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თანამშრომლობის ჩარჩოს შენარჩუნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.