საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა - რა პასუხები ჰქონდა ოპოზიციას მოსამართლეების კითხვებზე

12 ნოე 2026

ოპოზიციას დღეს არაერთხელ მოუხდა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფო პირების მიერ მიღებული გადაწყვეტილება თუ ჩადენილი დანაშაულები პარტიის აკრძალვის მიზეზი არ უნდა გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დღეს მოსამართლეების შეკითხვებს იმ პარტიების წარმომადგენლები პასუხობდნენ, რომელთა აკრძალვასაც “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს.

ყოფილ ძალოვან მინისტრებთან და “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან პარტიის კავშირის უარყოფა, ამავე პარტიის წევრებს დღეს არაერთხელ მოუხდათ. მათი განცხადებით, მათ შორის პასუხით მოსამართლეების შეკითხვებზე - ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ნაციონალური მოძრაობა” აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პოლიტიკურ კონტროლს არ ახორციელებდა და გადაწყვეტილებებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, არა როგორც პარტიის ლიდერი, არამედ როგორც სახელმწიფო მეთაური თავად იღებდა. ასევე, კითხვები დაისვა სარჩელში მითითებული ევროპული და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, რომლებიც კანონიერ ძალაში შევიდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 7 მოსამართლით მოპასუხე მხარესთან საკმაოდ ბევრი შეკითხვა ჰქონდა. მათ შორის, რა კრიტერიუმებით საზღვრავდა ოპოზიცია მათივე განცხადებებიდან გამომდინარე ყალბ, რეალურ, ტექნიკურ თუ სისტემურ პარტიებს.

საკონსტიტუციო სხდომის განახლებისას, მოპასუხე მხარის არგუმენტების მოსმენამდე, მოსამართლე ევა გოცირიძეს შეკითხვა მოსარჩელესთან ჰქონდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ხვალ დღის 12 საათზე განახლდება. მოსამართლეები შეკითხვებს კვლავ მოპასუხე მხარეს დაუსვამენ. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართულმა ოცნებამ” მიმართა. საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.