მატარებლების განახლების ინიციატივის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა 10 ახალი მატარებლის შეძენას გეგმავს

12 ნოე 2026

მატარებლების განახლების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა 10 ახალი მატარებლის შეძენას გეგმავს. პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადდა. კომპანიამ ელექტრო მატარებლების შესაძენად 70 მლნ აშშ დოლარი გამოყო.

ახალი მატარებლების შეძენით საქართველოს რკინიგზა ახალი მარშრუტების დამატებასაც გეგმავს. პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნეს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული და მაქსიმალურად გათვლილი კომფორტულ მგზავრობაზე.

კომფორტული და გამარტივებული მგზავრობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს. თავის მხრივ, მგზავრთნაკადის ზრდა მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია შიდა გადაადგილებისთვის.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები სიახლეების მოლოდინში არიან. მათი თქმით, მსგავსი მასშტაბის სიახლე რკინიგზის სფეროში აქამდე არ ყოფილა.

ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.