ცოტნე ანანიძემ, ზურაბ პატარაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივი ოლიმპიადებისა და კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

12 ნოე 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, განათლებისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, 2025-2026 სასწავლო წლის საგნობრივი ოლიმპიადებისა და კონკურსების გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

"ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი პროფესია მასწავლებლობაა - ქედს ვიხრი თითოეული პედაგოგის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიტანეს. მადლობას ვუხდი მშობლებს, ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებას, ბატონ ზურაბ პატარაძეს, განათლების მინისტრს, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ღონისძიების თითოეულ ორგანიზატორს განათლების სფეროს აქტიური მხარდაჭერისთვის.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ ყველაზე დიდი ძალა და იარაღი ცოდნაა. სწორედ მსგავსი ოლიმპიადები აძლევს საშუალებას მომავალ თაობას, ამ საუკეთესო იარაღით აღიჭურვოს. ქვეყნის მომავალი თითოეულ ახალგაზრდაში, თქვენს შრომასა და სწავლაშია.

მიმდინარე სასწავლო წელს აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 15 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა საგნობრივ ოლიმპიადებსა და კონკურსებში. გამოვლინდა 144 გამარჯვებული, რომელთაგან 17-მა წარმატებას ორ ან მეტ საგანში თუ კონკურსში მიაღწია.

მოსწავლეებსა და გამარჯვებულ გუნდებს მიღწეული წარმატება მივულოცეთ, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადავეცით,"- წერს ცოტნე ანანიძე. 

ღონისძიება აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. მის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი მიღწევების წახალისება წარმოადგენს.

დაჯილდოებას აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და გამარჯვებული მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ.