პროკურატურამ მრგვალ ბაღთან ოთხი პირის ცემისა და დაჭრის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

12 ნოე 2026

თბილისში, ვაკეში, მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე მომხდარი ხულიგნობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი 7 პირს წაუყენა.

გამოძიების ინფორმაციით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აწარმოა, 10 ნოემბერს ბრალდებულებმა მრგვალ ბაღთან მდებარე საავტომობილო გზაზე ოთხ მოქალაქეს სცემეს, ერთ მათგანს კი სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს. ამ ქმედებით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, გამოხატეს საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობა და ხელი შეუშალეს როგორც ავტომობილების, ისე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს და სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.