პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

12 ნოე 2026

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის და იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ დოკუმენტების გაყალბების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ნასამართლევმა ბრალდებულმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების განზრახვის გარეშე, საქართველოში საწარმო დააფუძნა, რომლის საბანკო ანგარიშზეც უცხოეთიდან, დაუსაბუთებელი წარმომავლობის 496 000 აშშ დოლარი ჩარიცხა.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია, დაახლოებით 570 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.

სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.