12 ნოე 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.
არჩილ გორდულაძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია კონსტიტუციის განუხრელი დაცვა.
„ჩვენთვის, პოლიტიკური გუნდისთვის, უფრო მიზანშეწონილია, ვიწრო პარტიული გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რაც უფრო მეტად თვალსაჩინოა ის პარტიები, რომლებიც პოლიტიკურ ველზე ჩვენს ოპონენტებს წარმოადგენენ და ოპოზიციურ ფლანგზე არიან დაბანაკებულნი, ამ პარტიების საქმიანობა საზოგადოებისთვის ცნობილია. ცნობილია, რა აქვთ გაკეთებული წარსულში, რას აკეთებენ აწმყოში და რა სამომავლო მიზნები აქვთ.
ამიტომ, სუბიექტური პოლიტიკური მიზნიდან რომ გამოვდიოდეთ, ჩვენთვის პირიქით არის - მხოლოდ სასარგებლოა, ისეთი ოპონენტი გყავდეს, რომელზეც ყველამ ყველაფერი იცის და რომლის მიმართაც ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით უფრო დიდია. ეს ორ არჩევნებში - 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში - დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ხმებით, მილიონ 120 ათასზე მეტი მხარდაჭერით, გამოიხატა საზოგადოების მხრიდან.
ამიტომ, ჩვენ სარჩელი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს, არამედ იმ ვალდებულებიდან გამომდინარე, რომელსაც კონსტიტუცია გვაკისრებს. როგორც კონსტიტუციის ერთგულნი, ვთვლით, რომ იმ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, რომელთა ქმედებებიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტებისა და საჯაროდ ცნობილი გარემოებების, ასევე სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე არაკონსტიტუციურია, უნდა შეფასდეს სამართლებრივად.
ჩვენი მიზანია, კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული, დაცული იყოს სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და, ზოგადად, კონსტიტუციური წყობილება. ამ კონსტიტუციური წყობილებისთვის საფრთხის შექმნა არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.