12 ნოე 2026
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა დუბლინში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან უკრაინაში ომზე, რუსეთთან დიპლომატიურ არხებზე, ევროპის უსაფრთხოებასა და პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლზე ისაუბრა.
მარტინის განცხადებით, მოსკოვთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ კუთხით აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მუშაობას უაღრესად მნიშვნელოვნად აფასებს.
ირლანდიის პრემიერის თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმირება ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კონტაქტზე.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, თავად ზელენსკი „უკრაინის მეგობართა“ შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართული მოლაპარაკებების დეტალებს გააცნობს.
ირლანდიის პრემიერმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში განხილული ტყვეთა პოტენციური გაცვლის საკითხიც გამოყო და აღნიშნა, რომ ეს ორივე მხარის ტყვეებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა კითხვაზე, რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მარტინმა უპასუხა, რომ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
„აქამდე ჩვენი ხედვა იყო, რომ რუსეთს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ არანაირი გულწრფელი ინტერესი არ გამოუვლენია. ჯერ კიდევ სანახავია, შეიცვალა თუ არა ეს“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერმა.
მიჰოლ მარტინმა აღნიშნა, რომ ევროპას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ხმა მოლაპარაკებების მაგიდასთან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც უშუალოდ ეხება ევროპას - მისი ეკონომიკური წვლილის, უსაფრთხოების საკითხებისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის გათვალისწინებით.
მისი თქმით, აუცილებელი არ არის, ევროპას მაგიდასთან მხოლოდ ერთი კონკრეტული პირი წარმოადგენდეს, მაგრამ საჭიროა ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მიერ შეთანხმებული მკაფიო და თანმიმდევრული ლიდერობა.
აღნიშნული საკითხი ხვალ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზეც განიხილება. პრემიერ-მინისტრმა უარყო მოსაზრება, თითქოს ევროპას ერთიანი პოზიცია არ აქვს. მან განსაკუთრებით გამოყო საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერების როლი „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბებაში, რომელიც, ირლანდიის პრემიერის თქმით, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა აშშ-ის დარწმუნებასა და პრეზიდენტ ტრამპთან მუშაობაში უკრაინის საკითხზე, ასევე უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.
მარტინმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ თანმიმდევრულმა მუშაობამ მოიტანა უკრაინის ფინანსური გაძლიერება და ევროკავშირის მიერ 90-მილიარდიანი სესხის გამოყოფა. მარტინის თქმით, კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ირლანდიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის იმპერიალისტურ დღის წესრიგს უამრავი ახალგაზრდა, როგორც უკრაინელი, ისე რუსი ჯარისკაცი, უაზროდ ეწირება.
მისი თქმით, ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ეგზისტენციალურ საფრთხეს გრძნობს და შიშობს, რომ უკრაინის დაცემის შემთხვევაში აგრესია ევროპის კონტინენტზე გაგრძელდება. მარტინის განმარტებით, დადებითად აფასებს ევროკავშირის ერთიანობას - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღებასა და რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების ფენომენალურ შემცირებას.