11 ნოე 2026
„ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.
დღეს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო, რის შემდეგაც დარბაზიდან ნიკა გვარამია გააძევეს. გაძევება თავად მოითხოვა და დარბაზი დატოვა მისმა თანაპარტიელმა მაია კოპალეიშვილმა. როგორც მოსამართლემ განმარტა, გვარამია მუდმივად იღებდა შენიშვნას წესრიგის დარღვევისთვის, რაც, მისივე განმარტებით, გამოიხატებოდა ადგილიდან წამოძახებებში და სასამართლოს თანხმობის გარეშე, მოსარჩელე მხარის სიტყვით გამოსვლის დროს, განცხადებების გაკეთებაში.
მანამდე კი სასამართლო პროცესი აქციებთან დაკავშირებულ საკითხს დაეთმო. პროცესზე მოსარჩელე მხარემ თქვა, რომ ოპოზიცია ხელისუფლების დამხობას ცდილობდა და 4 ოქტომბრის არჩევნებზე სასამართლოში წარმოდგენილი ოპოზიცია ერთად მოქმედებდა.
მოსამართლეების კითხვებს ოპოზიციური პარტიების გამიჯვნის დაშვების შესახებ არჩილ გორდულაძემ ხუთი პარტიის საქმის გაერთიანება ასე ახსნა: პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას ქმნიან და არ ემიჯნებიან მის წარსულ საქმიანობას, პასუხისმგებლობას იღებენ ამ პარტიის ქმედებებზე.
დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აგვისტოს ომი იყო. ამ საკითხის განხილვას პროცესის დიდი ნაწილი დაეთმო. მოსარჩელე მხარემ გაიხსენა რეზოლუცია ნომრით 1633, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა. არჩილ გორდულაძის თქმით, რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, ხელმომწერი საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო სანქციებზე მიერთების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საქმეში მითითებულ კიდევ ერთ საკითხზე განმარტებები გააკეთა მოსარჩელემ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საქართველო სანქცირებულ ტვირთებს არ ატარებს და სანქციებთან შეერთების მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებდა.
საბოლოო ჯამში, დღევანდელი პროცესი სხდომის მონაწილეებმა ოპოზიციისთვის თავის დაცვის, მოსარჩელეებისთვის კი არგუმენტების გაჟღერების საშუალებად შეაფასეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში „პარტიების აკრძალვის“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. პირველ ეტაპზე შეკითხვებით მოსამართლეებმა სარჩელის ავტორებს მიმართეს. „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.