11 ნოე 2026
დიალოგი, კონსენსუსი, მოქმედება - ეს გაეროს კლიმატის ცვლილების 31-ე კონფერენციის მთავარი დევიზია, რომლის გარშემოც ათიათასობით დელეგატი გაერთიანდა. გარემოს დაცვის საკითხებზე მსჯელობისთვის ანტალიაში ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გაერთიანებების ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.
ლიდერთა სამიტი გამოწვევებთან ერთად სამოქმედო გეგმებზე მსჯელობას დაეთმო. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა და სამომავლო გეგმები საქართველოს პრეზიდენტმა გააცნო. კონფერენციაზე მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვიდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებები პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან, ენერგეტიკულ და სურსათის უვნებლობასთან.
ლიდერთა სამიტი გაეროს გენერალურმა მდივანმა გახსნა. ანტონიო გუტერეში სამოქმედო გეგმას შეეხო და თქვა, რომ დროა, მხარეები დიალოგიდან მოქმედებაზე გადავიდნენ.
განახლებადი ენერგიის მეტად განვითარება და წიაღისეული საწვავის შეზღუდვა - ეს მისი მთავარი გზავნილი იყო. გაეროს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჩანაცვლების პროცესს წიაღისეული საწვავის ინდუსტრია აფერხებს, რადგან მას ბევრი ლობისტი ჰყავს.
კონფერენციის მონაწილეებმა კონკრეტული ნაბიჯები დაასახელეს, რაც გლობალური დათბობის მაჩვენებლის შესამცირებლად არის აუცილებელი. წლებია, ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გლობალური დათბობითა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა და ზიანის შემცირებაა.
წელს კონფერენციის მასპინძელი თურქეთია, რომელსაც გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები აქვს.
თურქეთთან ერთად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისია წლევანდელ კონფერენციაზე ავსტრალიას აკისრია. იგი ძირითადი მომლაპარაკებელი ქვეყნის სტატუსითაა COP31-ზე წარმოდგენილი.
საკუთარ გამოსვლაში ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა აქცენტი სამომავლო გეგმებსა და იმ პასუხისმგებლობებზე გააკეთა, რომლებიც გარემოს დასაცავად სხვადასხვა ქვეყანას აკისრია.
გაეროს კლიმატის 31-ე კონფერენცია არის პლატფორმა, სადაც ჩარჩო კონვენციის მხარეები გლობალური ენერგეტიკული გარდამავალი პროცესის წინსვლას განიხილავენ.
რა კონკრეტული შედეგით დასრულდება ლიდერთა სამიტი, რამდენიმე დღეში გაირკვევა. მანამდე კი სამიტზე ლიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაემართათ ორმხრივი შეხვედრები.
მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამ სამიტის ფარგლებში გუშინ უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა, დღეს კი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან აუდიენციის შესაძლებლობა ჰქონდა. მათ შორის იყვნენ სომხეთის პრემიერი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი.