ახალ ბულვარში ახალი საბავშვო სივრცე მოეწყო

11 ნოე 2026

ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ლოკაციაზე, ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საბავშვო სივრცე მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო კუთხის მოწყობა საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე, ბულვარის განაშენიანების გეგმით იყო გათვალისწინებული.

მერიის ინფორმაციით, 450 კვადრატული მეტრის ფართობის ახალი სივრცე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. საბავშვო კუთხეში დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული საქანელები. 

პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არსებული ლანდშაფტის მაქსიმალურად შენარჩუნებას. 

ახალი საბავშვო სივრცის მოწყობა მიზნად ისახავს ბათუმის ბულვარში ბავშვებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემოს შექმნას.