მაკა ბოჭორიშვილი: ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ გარკვეულ აქტორებს ჰქონდათ დღის წესრიგი, საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, რაც საფუძველს მოკლებულია, ეს არის გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა

11 ნოე 2026

საქართველო მზად არის ევროკავშირთან ნებისმიერ განხილვასა და დიალოგში ჩაერთოს, მათ შორის დაკავშირებადობის საკითხებზე, თუმცა მონაწილეობა შესაბამის დონეზე უნდა განხორციელდეს - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობასა და პარტნიორობის პრინციპებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული პოზიცია ევროკომისიისთვის კარგად არის ცნობილი და საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელია შესაბამისი დონის წარმომადგენლების მიწვევა. მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, ღირსეულ პარტნიორობას, ქვეყნის რეპუტაციისა და ღირსების დაცვას.  

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს იზოლირებულად წარმოჩენის მიზნით, სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენება. მისი შეფასებით, საქართველოს იზოლაციის შესახებ ნარატივის შექმნასა და დამკვიდრებას გარკვეული პოლიტიკური ძალები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოპოზიციას და ქვეყნის გარეთ გარკვეულ აქტორებს ჰქონდათ დღის წესრიგი, საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, რაც, მისი თქმით, საფუძველს მოკლებულია.

"ზოგადად, ჩვენს ოპოზიციას, და არამხოლოდ ოპოზიციას, საერთაშორისო მასშტაბითაც გარკვეულ მოქმედ პირებს ჰქონდათ დღის წესრიგი, რომ საქართველო წარმოეჩინათ იზოლაციაში, სხვადასხვა ინსტრუმენტი თუ მექანიზი გამოეყენებინათ ამისთვის. გაემართლებინათ ეს სურათი, ვითომდა საქართველოს იზოლაცია ხდება, რაც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ეს ძალისხმევა დღესაც გრძელდება როგორც ჩვენს ქვეყანაში გარკვეული პოლიტიკოსების თუ ოპოზიციის მხრიდან, ისევე გარკვეული აქტორების მხრიდან ქვეყნის გარეთ. ეს არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და უშედეგო ძალისხმევა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვან ბრძოლაში საკუთარი სუვერენიტეტის, ინტერესების დასაცავად და ეს ძალისხმევები, რაც მოდის ოპოზიციის თუ გარკვეული აქტორების მხრიდან, ვერაფერში შეუშლის ხელს საქართველოს'' - განაცხადა ბოჭორიშვილმა.